საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის შემადგენელი, სტეფანწმინდის შემოსავლითი გზის (მშენებლობის პირველი ეტაპი) რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი E117 ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის ნაწილია და სტეფანწმინდა-გველეთის მშენებარე მონაკვეთს შეუერთდება.

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 ზოლიანი 4.13 კმ-იანი გზისა და 3 ახალი ხიდის მშენებლობა.

არსებული გზა გადის დასახლებულ პუნქტებში, რაც იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, არ  არის დაცული  ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება და გზის არსებული პარამეტრები არ  აკმაყოფილებს  გაზრდილ  სატრანსპორტო მოთხოვნებს. ახალი გზა კი, რომელიც დაბა სტეფანწმინდას შემოუვლის, გვერდს აუვლის დასახლებულ პუნქტებს, რაც უზრუნველყოფს დასახლებულ პუნქტებზე სატრანსპორტო  მოძრაობით გამოწვეული ზემოქმედების თავიდან  აცილებას.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია სოფელ გერგეტთან მისასვლელი გზის კვეთაზე წრიული მოძრაობის მოწყობა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის 9 კმ-იანი გვირაბისა და სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა.

სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 143 862 240 ლარს შეადგენს.

სატენდერო წინადადებების მიღება 2027 წლის 06 იანვარს დაიწყება და 11 იანვარს დასრულდება.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=710000&lang=ge