დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
როგორც "აიპრესს" სუსში განუცხადეს დაკავებულია „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე.
ასევე, სუსში 14:00 საათზე ჩაინიშნა მეორე ბრიფინგი, სადაც სავარაუდოდ კიდევ ერთ დაკავებაზე იქნება საუბარი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.
საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.