„სოციალური სოლიდარობის აქტი“ უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ასაკობრივი (70 წლამდე) პენსიონერებისათვის პენსიების 20-ის ნაცვლად 45 ლარით გაზრდის შესახებ. როგორც სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში თამთა მეგრელიშვილი წერს, რომ ეს არის დასტური იმის, რომ ხელისუფლებისთვის უფროსი თაობის მხარდასაჭერად მაქსიმალური რესურსის მობილიზება მნიშვნელოვანია. 

ექსპერტი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი  სკეპტიკურად იქნება შეფასებული ოპოზიციის მხრიდან. მიუხედავად ამისა, მეგრელიშვილი წერს, რომ ხელისუფლება მომავალშიც გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 

„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს იზრუნოს მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე და შეუქმნას მათ ღირსეული ცხოვრების პირობები. პენსიის ზრდა არ არის უბრალო ფინანსური დახმარება, ეს არის სოციალური სოლიდარობის აქტი, სადაც მოქმედი, შრომისუნარიანი საზოგადოება და ბიუჯეტი ეხმარება იმ თაობას, რომელიც ამას საჭიროებს.

ეკონომიკური გამოწვევებისა და ბიუჯეტის ლიმიტების მიუხედავად, პენსიონერების კეთილდღეობის უზრუნველყოფა სახელისუფლებო გუნდისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. იმ რეალობაში, როდესაც სოციალური მიმართულება ისედაც ბიუჯეტის მესამედზე (33%-ზე) მეტს შეადგენს, დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფა მკაფიოდ ადასტურებს, რომ მთავრობა, კანონის მოთხოვნათა დაცვის პარალელურად, პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტით მოქმედებს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი უფროსი თაობის მხარდასაჭერად მაქსიმალური რესურსის მობილიზება ხელისუფლებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის მორალური იმპერატივია. 

ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების კრიტიკაც მათი ჩვეული მანერით გაგრძელდება, თუმცა რეალობა უცვლელია - ეს ნაბიჯი ამ ეტაპზე ბიუჯეტის ფინანსური შესაძლებლობების მაქსიმუმია. ვიწროპოლიტიკური ინტერესების მიღმა, მთავარ ფაქტად მაინც ის რჩება, რომ სახელმწიფო იყენებს ყველა არსებულ რესურსს საკუთარი მოქალაქეების რეალური მხარდაჭერისთვის და ის ადამიანები, რომლებისთვისაც სახელმწიფო დამატებით 128 მილიონს გაიღებს, კმაყოფილები იქნებიან,“  - წერს თამთა მეგრელიშვილი.