კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ქალთა გუნდი, ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით, 22-25 ოქტომბერს ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო საგუნდო კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგა. კონკურსში 25 ქვეყნის 38 გუნდი მონაწილეობდა. 

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში რვა გუნდი გადავიდა. თბილისის ქალთა გუნდი სამ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა, ფინალში კი, ზრდასრულთა გუნდების კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა.  

ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსი ბარსელონასა და კალელიაში ჩატარდა. კონკურსი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ გუნდებს აერთიანებს და საგუნდო ხელოვნების განვითარებისთვის ფართო კულტურულ და პროფესიულ სივრცეს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ქალთა გუნდი იმ სამ გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში - საგრადა ფამილიაში, 24 ოქტომბერს გამართული კონცერტისთვის შეარჩიეს. ამ კონცერტზე საგრადა ფამილიაში პირველად გაჟღერდა ქართული სიმღერა.