თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, შალვა მაისურაძესთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის - „IBSA“-ს ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.
უცხოელი სტუმრების ვიზიტი თბილისში დაგეგმილ უპრეცედენტო მასშტაბის პარასპორტულ ღონისძიებებს უკავშირდება. დედაქალაქი ერთდროულად პარა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომელიც ორგანიზაციის 45 წლის იუბილეს ეძღვნება. გენერალური ასამბლეა თბილისში გუშინ ჩატარდა და მასში 500-ზე მეტმა საერთაშორისო დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. დღეს კი დედაქალაქში სტარტს პარა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. შეჯიბრებაში 44 ქვეყნის 312 პარა ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრაზე, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოში გაიმართა მხარეებმა საქართველოში პარასპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსსმა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IBSA) პრეზიდენტმა, ილგარ რაჰიმოვმა საკრებულოს წევრებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ ასევე სპორტული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში პარასპორტის განვითარების გზებზე ისაუბრეს.
თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა პარალიმპიური მიმართულებით საქართველოს წარმატებებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქვეყანას შთამბეჭდავი შედეგები აქვს. ზურაბ აბაშიძის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა ზოგადად სპორტის განვითარებისთვის და მათ შორის პარალიმპიური მიმართულებით ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია უცხოელი სტუმრების სამუშაო შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.