თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს ჯანდაცვის პროგრამებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უახლეს მიდგომები გააცნეს.
პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.
ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გახსნა. ირაკლი ფურცელაძემ ხაზი გაუსვა განსახილველი საკითხების სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონულ დონეზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე მიდგომებით დამუშავებული მონაცემები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების წარმატებისა და დაავადებების ეფექტურად მართვის გარანტიაა.
ოთხდღიან სამუშაო შეხვედრაში საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ადგილზე აღინიშნა, სამი ქვეყნის გუნდების ერთობლივი მონაწილეობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ სესია მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ წარმატებული მიდგომები და საერთო გამოწვევებზე მუშაობის გამოცდილება.
ეს კი ხელს შეუწყობს კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას ისეთი ტრანსსასაზღვრო გამოწვევების საპასუხოდ, რაც ქვეყნების სისტემებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.
ღონისძიება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და კოლუმბიის უნივერსიტეტის ICAP-ის მხარდაჭერით ჩატარდა.