კომისიის დასკვნაში არაფერი იქნება ისეთი, რომლის წყარო და შესაბამისი მტკიცებულება არ იქნება მითითებული, მას ექნება შესაბამისი დანართები, სადაც ყველაფრის ხილვა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან მაღალ დონეზე აიწევს სტანდარტი ასეთი დოკუმენტების შექმნის. არავითარი ფასეულობა არ ექნებოდა ამ დოკუმენტს, თუ ეს იქნებოდა პოლიტიკური დეკლარაცია და არ იქნებოდა მისი იურიდიული მხარე მოწესრიგებული, შესაბამისი წყაროები და მტკიცებულებები მითითებული, სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, გადაამოწმოს, რამდენად სწორად არის ასახული დასკვნაში ის, რაზეც არის საუბარი. ხვალინდელი დღისთვის ვემზადებით, საბოლოო რედაქციაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს და საბოლოოდ მაღალი სტანდარტის მქონე დოკუმენტს გადავცემთ პარლამენტს დასამტკიცებლად. ჩვენ სრულყოფილად მივცემთ ჩვენს მასალას პროკურატურას, ძალიან დიდი ნაწილი მათაც გააჩნიათ, თუ რამე ახალია მოპოვებული, ამასაც ნახავენ და შეაფასებენ.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არცერთი დეტალი არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე იმ ნაწილში, სადაც პროკურატურა ჩათვლის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება დასკვნის პოლიტიკურ ნაწილს, სულ მცირე, 30 დეპუტატს აქვს უფლებამოსილება, შეიტანოს შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, თუ ამის საფუძველი და მტკიცებულებები არსებობს. ვფიქრობ, რომ 30-ზე გაცილებით მეტი დეპუტატი იქნება ასეთი. ჯერ, რა თქმა უნდა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა იქნეს განხილული და მიღებული. ზუსტად რიცხვს, თუ როდის ჩადგება ეს საკითხი განსახილველ საკითხთა სიაში, ვერ გეტყვით. როდესაც საშემოდგომო სესია გაიხსნება, არცთუ ისე შორეულ მომავალში მოხდება ამ დოკუმენტის დამტკიცება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება