თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი  საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ  „ვარდატონის"- ვარდების - ტრადიციულ  დღესასწაულს დაესწრო.

საკრებულოს წარმომადგენლებმა საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც თინათინ ნიბლოშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

„დედაქალაქის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით და  „ქართველ სომეხთა კავშირის“ ორგანიზებით წელსაც იმართება „ვარდატონის“ დღესასწაული. ეს დღესასწაული ერთნაირად მნიშვნელოვანია ქართველი და სომეხი ხალხისთვის.  თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა ისეთი პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მულტიკულტურული და მრავალეთნიკური ქალაქისთვის“,  - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გია ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის  პირველი მოადგილე ლია გიგაური, საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველი ვლადიმერ პოღოსიანი, ასევე „ქართველ სომეხთა კავშირის‘‘ ხელმძღვანელი მარიამ არაქელოვა, საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი  მაყვალა გონაშვილი და საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი რუზანა ჰოვასაფიანი. 

საზეიმო ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად საქართველოსა და სომხეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.
 
 „ვარდატონი“ თბილისში პირველად 1914 წელს ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის, სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის და მხატვარ გევორქ ბაშინჯახიანის ინიციატივით გაიმართა. მას შემდეგ ყოველწლიურად ამ დღეს თბილისში, სურფგევორქის ეკლესიის ეზოში დღესასწაულის მონაწილეებს საიათნოვას საფლავზე წითელი ვარდები მიაქვთ.