„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზატორთა ინიციატივით, კონკურსისგან დამოუკიდებლად, ლევილის მამულმა სპეციალური ჯილდო - ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური სივრცე და ქართული კულტურისა და სტუმარმასპინძლობის ელჩი  ევროპაში - მიიღო. კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებას ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი თამარ კვარაცხელია და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს”დირექტორი სალომე ხურცილავა ესწრებოდნენ.

თამარ კვარაცხელიამ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ლევილის მამული ის უნიკალური სივრცეა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაცნობის შესაძლებლობას საქართველოს საზღვრებს გარეთ, ევროპის შუაგულში ქმნის. თამარ კვარაცხელიამ მადლობა  გადაუხადა „ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას”. მისი თქმით, ეს ჯილდო ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

ღონისძიების მხარდამჭერებს შორის იყვნენ კულტურის სამინისტრო და სსიპ „შემოქმედებითი საქართველო”.

დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და ინდუსტრიაში პროფესიონალიზმის  გაძლიერებაა.