თუშეთის საავტომობილო გზა დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება. ამის შესახებ „აიპრესს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა განუცხადა. მერის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

„გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მჭიდრო კომუნიკაციაში ვიმყოფებით გზების დეპარტამენტთან, რომელიც ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს. უწყების ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა აბანოს უღელტეხილამდეა მისული, ე.წ. „ცოდვიანთ ხევამდე“. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ნალექი გვქონდა თოვლის სახით, სამუშაოები არ შეფერხებულა. უღელტეხილამდე არსებულ მონაკვეთებზე ზვავები უკვე ჩამოსულია და შესაბამისად, საფრთხის შემცველი აღარ არის. ამინდიც გვიწყობს ხელს და ჩვენი ვარაუდით, თუშეთის საავტომობილო გზა დაახლოებით 20-25 მაისისთვის გაიხსნება“,- განაცხადა მერმა.

ალექსი ფიცხელაურის თქმითვე, წელს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს სიახლეები ელოდებათ. კერძოდ, საავტომობილო გზით მისვლა ისეთ ლოკაციებამდე იქნება შესაძლებელი, სადაც ამ დრომდე ვერ გადაადგილდებოდა ტრანსპორტი.

„კიდევ ერთი სიახლე რაც წელს გვექნება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, არის ის რომ სამანქანო გზებს ემატება ახალი ლოკაციები. 16 კმ-იანი გზის მონაკვეთის მოწყობა მიმდინარეობს და შესაძლებელი იქნება იმ სოფლებამდე მისვლა, სადაც სამანქანე გზა ამ დრომდე არ არსებობდა“, - განუცხადა „აიპრესს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა.

ცნობისათვის, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზებს შორის არის. თუშეთის სოფლები რამდენიმე თვის განმავლობაში გარე სამყაროს სრულად არის მოწყვეტილი და იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. საავტომობილო გზით სარგებლობა კი მხოლოდ მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდშია ნებადართული.