თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლის "კონსერვატორები საქართველოსთვის" წევრის გიორგი ქარდავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პირადად ვინმეს ცემის ან დაკავების დავალებებს არ გასცემდა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის მოხსენიებული სწორედ მსგავსი დავალებების გაცემაში.
„მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ და „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის პერიოდზე ისაუბრეთ, სააკაშვილი არ აძლევდა დავალებებსო, ასე ითქვა.
არადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირდაპირ არის სააკაშვილი დავალებების გამცემად მოხსენიებული და ნაცმოძრაობის რეჟიმი ქვეყანაში სისტემური დანაშაულის დამნერგავად აღიარებული.
ასე რომ, თქვენი არჩევანია, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირებას აპირებთ“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.