საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საბიუჯეტო განხილვების პროცესში პოლიტიკური ჯგუფის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ჯგუფის წევრებმა სამი პრინციპული საკითხი წარადგინეს, რომლებიც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა იყოს გათვალისწინებული: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის ყოველთვიური დახმარების გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების მიზნობრივი მხარდაჭერა და რეზიდენტურის სრული სახელმწიფო დაფინანსება. დეპუტატის შეფასებით, მზარდი ეკონომიკური რესურსების პირობებში სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ მიმართულებებს უნდა დაუთმოს.
„ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტის სიკეთე პირველ რიგში იმ ადამიანებსა და მიმართულებებს უნდა შეეხოს, რომლებიც ქმნიან ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, მომავალსა და სოციალურ მდგრადობას.
პარტია „ხალხის ძალას“ საბიუჯეტო განხილვების პროცესში პრინციპული და მკაფიო პოზიცია უკავია სამ ფუნდამენტურ საკითხზე:
1. ბატონმა სოზარმა ცოტა ხნის წინ დააყენა საკითხი, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის გასაცემი დახმარების მინიმუმ გაორმაგების შესახებ. ეს არ არის სოციალური მოწყალება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ვეტერანების ღირსეული დაფასება და მათი ყოველთვიური დახმარების გაორმაგება ეროვნული თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო სამსახურის პრესტიჟისა და სახელმწიფოებრივი ღირსების განუყოფელი კომპონენტია.
2. ასევე, ბატონმა ზაალ მიქელაძემ ბიუჯეტის ველდებულებად დასახა ორი საკითხი:
მარჩენალდაკარგული ბავშვების მიზნობრივი მხარდაჭერა და რეზიდენტურის სრული დაფინანსება. სოციალური სამართლიანობა იზომება იმით, თუ როგორ ზრუნავს ქვეყანა ყველაზე მოწყვლად ფენაზე. ბავშვები, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის მთავარი მარჩენალი, არ უნდა გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად და უყურადღებოდ დარჩენილად. ბიუჯეტში მათი ადეკვატური დახმარების გათვალისწინება სახელმწიფოს უპირველესი მორალური და დემოგრაფიული ამოცანაა, რათა არცერთი მოზარდი არ დარჩეს განვითარებისა და ელემენტარული საარსებო გარანტიების გარეშე.
რაც შეეხება რეზიდენტურას, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დგას კრიტიკული გამოწვევის - კადრების დაბერებისა და პროფესიონალთა გადინების საფრთხის წინაშე. ახალგაზრდა, ნიჭიერი მედიკოსებისთვის დიპლომისშემდგომი განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან მათი დატოვება მძიმე ფინანსური ტვირთის ქვეშ პირდაპირ ურტყამს ეროვნულ უსაფრთხოებას. რეზიდენტურის სახელმწიფო დაფინანსება არის არა ხარჯი, არამედ სტრატეგიული ინვესტიცია ქართულ მედიცინასა და ადამიანურ კაპიტალში.
ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას. როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე,ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე. იმედი გვაქვს ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.