საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ვახუშტი ბაგრატრიონი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძე ასტანაში „ცენტრალური აზიის საავტომობილო გზების კონფერენციააზე“ (CARC) იმყოფებიან, სადაც საავტომობილო გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის კუთხით ახალ ტექნოლოგიებს და გამოწვევებს ეცნობიან.
კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და გზის მშენებლობის ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები და კომპანიები, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების გამოგონებასა და დანერგვაზე მუშაობენ.
კონფერენციის მეორე დღეს, მონაწილეებმა საავტომობილო გზების მშენებლობისას არსებული მთავარი გამოწვევები, ჩქაროსნულ გზებზე მაღალი დონის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის ციკლი, ასფალტის მოდიფიკაციის ახალი ტექნოლოგიები და ტესტირების მეთოდები, ციფრული მხარდაჭერით აღჭურვილი თანამედროვე გზების სამშენებლო ტექნიკა, გზის სიცოცხლისუნარიანობის ციკლი და ხარჯთეფექტიანობა, მწვანე ასფალტის გამოყენების უპირატესობა, პლომბირებული ბიტუმის გამოყენების უპირატესობა, ლაბორატორიიდან სამშენებლო მოედნამდე ხარისხის, სიზუსტისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა ასფალტის საფარიანი გზების მშენებლობასა და მოვლაში, ბეტონის ჰერმენტიზაცია, მისი ხანგრძლივი დაცვა და სიმტკიცე, გზების რეაბილიტაცია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და საავტომობილო გზების მოვლისა და აღდგენის თანამედროვე მიდგომები განიხილეს.
კონფერენცია ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიისა და ევროპის საჯარო და კერძო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.