საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლა საქართველოს ისტორიაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. მისივე განცხადებით, ის წარმოადგენს ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველოს მიერ დაწყებულ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზრდას ემსახურება. მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ენერგოუსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მერვე წელია, რაც საქართველო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასამდე დელეგატი ესწრება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ღიაა ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ითხოვს პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას.
„ჩვენი ამოცანაა, კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.