ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო
"დღეს ვიმყოფებოდით ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო სამსახური ახორციელებს. მათ შორისაა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, საგზაო, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლებიც რეგიონში აქტიურად ხორციელდება. პრემიერ-მინისტრის დავალებით მიმდინარეობს წყალარინების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობა ყველა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ქვემო ქართლში დავათვალიერეთ ახალი სპორტული ობიექტების განთავსების შესაძლო ადგილები. შესაბამისად, რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
რევაზ სოხაძე ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მინისტრმა დაათვალიერა წყალარინების თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დაახლოებით 46 ათას მცხოვრებს მოემსახურება. პროექტი რეგიონში ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას, შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების რისკებს და ხელს შეუწყობს წყლის რესურსებისა და ეკოსისტემის დაცვას. პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარის ღირებულებისაა და ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში ასევე განიხილეს ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის პროექტი, რომელიც ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. მინისტრი გაეცნო სოფელ იმირის №1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესსაც. 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტის ღირებულება 3.4 მილიონი ლარია. ამასთან, მიმდინარეობს სოფელ არაფლოს 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაც, რომლის ღირებულება 2.7 მილიონ ლარს აღემატება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მინისტრმა დაათვალიერა სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი და 2.1 მილიონი ლარით ფინანსდება. მარნეულში დაგეგმილია ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც - იწყება უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი, 4500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირება.
ბოლნისში დასრულდა სოფელ ქვემო ბოლნისისა და სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ხოლო დაბა კაზრეთში სრულდება 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულება 4.9 მილიონი ლარია.
დმანისის მუნიციპალიტეტში დასრულდა დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის 15.4-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება დაახლოებით 21 მილიონ ლარს შეადგენს.
მინისტრი ასევე გაეცნო სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს და დმანისში დაგეგმილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიაც მოინახულა. დმანისში, ასევე, იწყება ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის პროექტები, რაც მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.