საფრანგეთის საელჩომ არგენტინაში ადგილობრივი რეგიონული მაღალჩინოსანი ნებისმიერ ღონისძიებაზე თუ ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. აღნიშნული მკაცრი გადაწყვეტილება მოჰყვა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც პოლიტიკოსმა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს „უზრდელი აფრიკული გუნდი“ უწოდა.
ინციდენტის მთავარი ფიგურა არგენტინის მენდოსას პროვინციის მემარჯვენე ვიცე-გუბერნატორი, ებე კასადოა. მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთსა და პარაგვაის შორის გამართული მატჩის (1:0) შემდეგ, კასადომ სოციალურ ქსელში დაწერა: „ყოჩაღ, პარაგვაი. აფრიკული გუნდი, ყოველგვარი ზრდილობის გარეშე. ვერ ვიტან მბაპეს“.
საფრანგეთის ელჩმა არგენტინაში, რომენ ნადალმა, სააგენტო AFP-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ სიტყვების რასისტულ ხასიათში ეჭვი არავის ეპარება. ელჩის გადაწყვეტილებით, ვიცე-გუბერნატორს ეკრძალება საელჩოსთან მუშაობა ან ნებისმიერ იმ შეხვედრაში მონაწილეობა, რომელსაც დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დაესწრებიან, სანამ იგი თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს.
შესაბამისად, ფრანგულ მხარეს დაევალა, არ მიიღოს მონაწილეობა მენდოსას პროვინციასთან თანამშრომლობის არცერთ პროექტში, სადაც კასადო იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვნებით და არ შევეგუებით ჩვენი ფეხბურთელების ეროვნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. როგორ შეიძლება ისეთი ქვეყნის მაღალჩინოსანი, როგორიც არგენტინაა — რომელიც ამაყობს იმით, რომ მიგრანტებს გულღიად ხვდება, აკრიტიკებდეს სხვა ნაკრებს, რომლის მოთამაშეებიც ასევე იმიგრაციის შედეგი არიან? ფრანგულ-არგენტინულ თანამშრომლობაში რასიზმის ადგილი არ არის“, — აღნიშნა რომენ ნადალმა