თურქეთი 2026 წელს არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. მათ შორისაა 77-ე საერთაშორისო ასტრონავტიკის კონგრესი (IAC), რომელიც 5-9 ოქტომბერს ანტალიაში, ბელეკის რაიონში გაიმართება. ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კოსმოსის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს.

ანტალია  თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად ითვლება. ის აგრეთვე,  საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და საკონფერენციო შესაძლებლობებით გამოირჩევა. ქალაქში მრავალფეროვანი სასტუმროების არჩევანიცაა, რაც მას მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების გამართვისთვის ხელსაყრელ ადგილად აქცევს. 2026 წელს ანტალია ასევე უმასპინძლებს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას - COP31-ს.

IAC 2026   პირველად თურქეთში

საერთაშორისო ასტრონავტიკის კონგრესს (IAC) ყოველწლიურად საერთაშორისო ასტრონავტიკის ფედერაცია (IAF) აწყობს. კონგრესი კოსმოსის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ღონისძიებად ითვლება და მასში მონაწილეობენ კოსმოსური სააგენტოების, ტექნოლოგიური კომპანიების, სამეცნიერო და აკადემიური სფეროს, ასევე კოსმოსური ინდუსტრიის წარმომადგენლები და ასტრონავტები.

IAC 2026-ის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო გამოფენები, კომპანიების პრეზენტაციები, აკადემიური და ტექნიკური სესიები, ასევე მაღალი დონის შეხვედრები. მონაწილეები კოსმოსის სფეროში მიმდინარე პროცესებს, უახლეს ტექნოლოგიებსა და ინდუსტრიის განვითარების მიმართულებებს განიხილავენ. კონგრესი თურქეთის კოსმოსური სააგენტოს (TUA) მასპინძლობით, SAHA Istanbul-ის საჰაერო-კოსმოსური კლასტერის თანაორგანიზებითა და თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს კოორდინაციით გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ IAC 2026-ზე 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მონაწილის მონაწილეობაა მოსალოდნელი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ასტრონავტებისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლების. ღონისძიება ასევე გათვლილი იქნება კოსმოსის სფეროთი დაინტერესებულ ფართო საზოგადოებაზე, მათ შორის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებზე.

ასტრონავტები და ღონისძიებები

კონგრესი საზეიმო გახსნის ცერემონიით დაიწყება. პროგრამის ფარგლებში ასტრონავტები სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს შეხვდებიან და კოსმოსში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.  ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იქნება IAC 2026-ის გალა საღამო და ვახშამი ასპენდოსის უძველეს თეატრში. ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესის მასპინძლობა თურქეთის ეროვნული კოსმოსური პროგრამის მიზნებსაც შეუწყობს ხელს და ქვეყნის როლს საერთაშორისო კოსმოსურ საზოგადოებაში გააძლიერებს.

„მსოფლიოს მეტი სივრცე სჭირდება“

IAC 2026-ის თემაა „The World Needs More Space“ („მსოფლიოს მეტი სივრცე სჭირდება“). კონგრესზე ყურადღება გამახვილდება კოსმოსის მდგრად და თანაბარ ათვისებაზე, უსაფრთხოებაზე, კვლევებზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და კოსმოსური საქმიანობის ეთიკურ საკითხებზე.

IAC 2026-ის თილისმა - „Turquoise“

კონგრესის ოფიციალური თილისმაა „Turquoise“ - Caretta caretta-ს სახეობის ზღვის კუ, რომელსაც სახელი ანტალიის ფირუზისფერი წყლების მიხედვით ეწოდა. ეს კუები ანტალიის სანაპიროებზე, მათ შორის ბელეკში ბუდობენ და შემდეგ დაბადების ადგილებს უბრუნდებიან.

ორგანიზატორების თქმით, თილისმა ანტალიის სანაპიროსა და კოსმოსის აღმოჩენისკენ ადამიანის სწრაფვას აკავშირებს და დედამიწის, როგორც კაცობრიობის საერთო სახლის, მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ანტალია - ტურიზმისა და საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი

ანტალია ტურიზმთან ერთად სამეცნიერო და საერთაშორისო ღონისძიებების მნიშვნელოვანი ცენტრიცაა. ქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები, რომლებიც ასტრონომიისა და საჰაერო-კოსმოსური ინჟინერიის მიმართულებებზე მუშაობენ.

ქალაქი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით არის დაკავშირებული, ხოლო საკონფერენციო და საკონგრესო სივრცეების საერთო ტევადობა 175 000-ს აღემატება. ორგანიზატორების შეფასებით, ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის გამოცდილება IAC 2026-ის მონაწილეებს მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.