მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ განაცხადა, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ, ასევე ნავთობისა და გაზის სექტორებზე მიზანმიმართულად 76-ჯერ მიიტანა იერიში. მხოლოდ გასულ ღამეს დარტყმები განხორციელდა ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში მდებარე ქვესადგურებზე. ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"ენერგეტიკოსები და სარემონტო ბრიგადები ელექტრომომარაგების აღსადგენად, ფაქტობრივად, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ. ღამის განმავლობაში რუსებმა ჩვენს რეგიონებში საცხოვრებელ სახლებსაც დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის — ორი ბავშვი. დაიღუპა ორი ადამიანი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დღეს დილით ვოლინის ოლქში დარტყმა განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
ჯამში, გასული კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს თითქმის 2700 საბრძოლო დრონით, 1700 საავიაციო ბომბითა და 66 რაკეტით (რომელთა უმეტესობა ბალისტიკურია). ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია — რუსები ცდილობენ, ქვეყანაში სრული ელექტროგათიშვა (ბლექაუტი) გამოიწვიონ. ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი არ დგამს საპასუხო ნაბიჯებს სანქციების შემსუბუქების ან მიღწეული შეთანხმებების საპასუხოდ. პირიქით, ისინი ფულის შოვნის ნებისმიერ შესაძლებლობას აღიქვამენ იმის დასტურად, რომ ომზე გაკეთებული ფსონი ამართლებს და მათ ბრძოლის გაგრძელება შეუძლიათ. სწორედ რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება ომი და არა იმიტომ, რომ უკრაინა, სრულიად სამართლიანად, თავს იცავს. მშვიდობის დამყარების შანსი რომ გაჩნდეს, ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა განხორციელდეს. მადლობა ყველას, ვინც ამას აცნობიერებს და გვეხმარება." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი "ფეისბუკზე".